Friday, March 29, 2013
სასამართლო სისტემა და ადმინისტრაცია და კომერცია ეგვიპტეში (მმართველობის სისტემა მთელი აგებულებით)
ფარაონი ქვეყნის აბსოლუტური მონარქი იყო და, სულ მცირე თეორიულად მაინც, ქვეყანასა და მის რესურსებს სრულად განაგებდა. მეფე უზენაესი სამხედრო მბრძანებელი და მთავრობის მეთაური იყო, რომელიც ბიუროკრატიული კორპუსის ოფიცრებს ეყრდნობოდა საშინაო საქმეების განხორციელებაში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო მისი მოადგილე, ვეზირი, რომელიც მეფის წარმომადგენლის როლს ასრულებდა და კოორდინირებას უწევდა მიწის კვლევას, ხაზინას, სამშენებლო პროექტებს, სასამართლო სისტემას და არქივებს. რეგიონულ დონეზე ქვეყანა დაყოფილი იყო 42 ადმინისტრაციულ შენაერთად, რომელთაც ნომები ეწოდებოდა. თითოეულ მათგანს ნომარქი განაგებდა, რომელიც თავის მხრივ ვეზირს ექვემდებარებოდა. ტაძრები ეკონომიკის ხერხემალს ქმნიდა. ეს იყო არა მხოლოდ ლოცვის, არამედ ერის სიმდიდრის შეგროვებისა და შენახვის ადგილი და ქმნიდა ხაზინებისა და ბეღლების სისტემას. ამ სისტემას ზედამხედველთა საბჭო განაგებდა და ისინი იყვნენ მარცვლეულისა და საქონლის გამანაწილებლები.
სასამართლო-იურიდიული სისტემის მეთაური ოფიციალურად ფარაონი იყო, რომელიც აწესებდა კანონებს, განაგებდა მართლმსაჯულებას და კანონსა და წესრიგს იცავდა, კონცეფცია, რომელსაც ძველი ეგვიპტელები მა'ატს უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ეგვიპტის სამართლებრივი კოდექსის დოკუმენტური მასალა დღემდე არ შემორჩენილა, სასამართლო დოკუმენტებში ნაჩვენებია, რომ ეგვიპტური კანონები ეფუძნებოდა ზოგად მოსაზრებებს ჭეშმარიტებასა და მცდარზე და მნიშვნელობას ანიჭებდა შეთანხმების მიღწევასა და კონფლიქტების გადაჭრას, დოგმატურ კოდექსებზე მკაცრად დაყრდნობის ნაცვლად.ადგილობრივი საბჭოს უხუცესები, ცნობილი როგორც "კენბეტები" ახალ სამეფოში, პასუხისმგებელი იყვნენ სასამართლო სამსჯავრის გამოტანაზე, რომლებიც მოიცავდა მცირე მნიშვნელობის უთანხმოებებსა და საჩივრებს.[უფრო მნიშვნელოვან საქმეებს, რომლებიც მოიცავდა მკვლელობას, მნიშვნელოვან სამამულო გარიგებებს და აკლდამების ძარცვას, იხილავდა "დიდი კენბეტი", რომელსაც ვეზირი ან თავად ფარაონი განაგებდა. მოსარჩლეები და მომჩივანები საკუთარ თავს წარადგენდნენ და ვალდებული იყვნენ ფიცი დაედოთ სიმართლეზე. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო ასრულებდა, როგორც განმსჯელის, ისე მოსამართლის როლს, და შეეძლო მსჯავრდებული ცემით ეწამებინა აღიარების მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სერიოზული იყო საქმე, სასამართლოს მწერლები საჩივრებს, ჩვენებებსა და განაჩენს დეტალურად იწერდნენ სამომავლო საქმეების სამაგალითოდ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment