Friday, March 29, 2013

იუსტინიანე I (მართველობის პერიოდი ბიზანტიაში და მისი რეფორმები)



      კეთილმსახური ხელისუფალი იუსტინიანე | გულმოდგინედ იღვწოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად, მისი მეფობის დროს ბიზანტიამ ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებები მოიპოვა სპარსეთში, აფრიკასა და იტალიაში, რაც დიდად უწყობდა ხელს წარმართული სარწმუნოების აღმოფხვრას ვანდალებსა და ვესტგუთებს შორის. მეფე იუსტინიანეს ბრძანებით ათენში წარმართული სკოლები დახურეს. მან მცირე აზიაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად გაგზავნა ეფესელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც სამოცდაათ ათასზე მეტი კაცი მონათლა. მეფემ ბრძანა, ახალმოქცეულთათვის ოთხმოცდაათი ტაძარი აეგოთ და უხვად შეეწეოდა საეკლესიო მშენებლობას იმპერიაში. მისი დროის ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება მონასტერი სინას მთაზე და წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში. მრავალმხრივ განათლებული იმპერატორი გულმოდგინედ იღვწოდა ღვთისმსახურთა და ბერმონაზონთა განათლებაზე - ბრძანა, მათთვის ესწავლებინათ რიტორიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.

      ცრუსწავლების წინააღმდეგ წმინდა იუსტინიანემ შექმნა საგალობელი მხოლოდშობილი ძე და ღვთისა სიტყვა და დააკანონა მისი გალობა ეკლესიებში. იმპერატორის ბრძანებით, 553 წელს მოწვეულ იქნა V მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ორიგენეს ცრუსწავლება და დაამტკიცა ქალკედონის IV კრების დადგენილებანი.

      წმინდა იუსტინიანე ზრუნავდა სახელმწიფოში წესრიგის, სამართლისა და კანონიერების დასაცავად. მისი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით შედგა რომაულ კანონთა კრებული Corpus Iuris Civilis. 

       შემდგომ ბიზანტიის მმართველობაში ჩნდება ახალი თეორია, ეს არის ეგრედ წოდებული კეისაროპაპიზმი. მის მიხედვით, ბიზანტიის იმპერატორი თავის თავზე იღებს ეკლესიის და სახელმწიფოს მართვას. კეისაროპაპიზმი პირველად გაჩნდა იმპერატორ თეოდოს დიდის (346-395) მმართველობის დროს და ფორმალურად გაფორმდა იუსტინიანეს კოდექსის მიერ. ასევე არსებობს თეორია სიმფონიური ძალაუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბიზანტიაში ეკლესია და სამეფო ხელისუფლება ჰარმონიულად თანაარსებობდნენ, რადგან ორივე ერთ საქმეს ემსახურებოდნენ და მათ შორის რაიმე დაპირისპირებას არ ჰქონდა ადგილი.

2 comments: